სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში 15 თებერვალს გაემგზავრება, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მინისტრი სომხეთის სამაშველო ჯგუფს შეხვდება, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შეხვედრას გამართავენ.
სომხეთმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში დასახმარებლად, 56 მაშველი გაგზავნა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 9 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, მაშველებიდან 27 თურქეთშია გაგზავნილი, 29 კი, სირიაში.
სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.