- ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვიწყებთ კერძო პარტნიორის შერჩევას - სახელმწიფო იქნება აქტიური მონაწილე პროექტის განხორციელებაში, სახელმწიფოს ექნება 51% ამ პროექტში და ჩვენ შევარჩევთ 49%-ის მფლობელ კერძო პარტნიორს
„ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რომელიც წარიმართება კერძო და საჯარო ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში. დღეს ჩატარდა ანაკლიის განვითარების უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, კომისიამ მოიწონა ინტერესთა გამოხატვის პირობები, რომელიც ანაკლიის განვითარების სააგენტომ მოამზადა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-თან ერთად“, - ამის შესახებ ლევად დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო აქტიური მონაწილე იქნება პროექტის განხორციელებაში, მას ექნება 51 პროცენტი პროექტში და შეირჩევა კერძო პარტნიორი, რომელიც იქნება 49 პროცენტის მფლობელი.
„ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელთანაც ჩვენ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, დაეგზავნება, დეტალური ინფორმაცია პირობების შესახებ და იმედი გვაქვს, რომ უკვე მიმდინარე წელს მოვახერხებთ კერძო პარტნიორის შერჩევას პროექტის განსახორციელებლად“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განმარტა, ინტერესთა გამოხატვის პირველი ეტაპის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გადავლენ მეორე ეტაპზე, სადაც მოხდება უკვე წინადადებების მიღება და დაზუსტება. ამ დროის განმავლობაში განისაზღვრება და დაზუსტდება ყველა ის სპეციფიკური დეტალი, რომელიც პარტნიორობის პროცესში იქნება საჭირო, მათ შორის გაფორმდება პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი, ასევე სხვადასხვა დოკუმენტები, რომლის მომზადებაც უკვე მიმდინარეობს ანაკლიის განვითარების სააგენტოს მიერ.
მინისტრის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტების განახლება, ბაზრის კვლევების განახლება და დაზუსტება იმ მონაცემების, რაც დღეს რეგიონში არის ტვირთებთან დაკავშირებით, ასევე მოხდება იურიდიული დოკუმენტების მომზადება.
„შესაბამისად, როდესაც გადავალთ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე, რაც, სავარაუდოდ იქნება მიმდინარე წლის ზაფხულში, ეს დოკუმენტები გვექნება განახლებული და გამზადებული. თუმცა, რამდენადაც სახელმწიფო აქტიურად აპირებს პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში, უახლოეს ხანებში დავაფუძნებთ სახელმწიფო კომპანიას, რომელიც დაიწყებს ძირითადი საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების განახლებას და მას შემდეგ, რაც ყველა ტექნიკური დოკუმენტი გვექნება მზად და გვექნება განახლებული მშენებლობის ნებართვები, დავიწყებთ სამშენებლო პროცესსაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტაციის განახლება და პორტისთვის აუცილებელი გარკვეული სამუშაოები კერძო პარტნიორის შერჩევის პარალელურად განხორციელდება.
„ჩვენი ვარაუდით, პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროცესის დაწყება მიმდინარე წელს უნდა შევძლოთ. რაც შეეხება სახმელეთო ინფრასტრუქტურას, ამ კუთხით დღეს კომისიაზე ვიმსჯელეთ კოლეგებთან ერთად და შევთანხმდით, რომ „საქართველოს რკინიგზა“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც სახმელეთო, ისე სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების დასაგეგმად და გვექნება მზაობა, ეს სამუშაოებიც მიმდინარე წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში დავიწყოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოს დაიწყებს.