საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას გმობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას „ვიზიტთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.
ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა და განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“
მან ბჟანიასთან შეხვედრაზე საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „შესანიშნავი ქვეყანა“ უწოდა.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, მაშინ ალექსანდრ ლუკაშენკო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.
საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.
რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
ამავე თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას