ვფიქრობ, ღვთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის Regeneron-ის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელებისთვის უფასო გახდება.
„მათ Regeneron-ით მკურნალობა დამიწყეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში კი თავს იმდენად კარგად ვგრძნობდი, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემიის გავრცელებაში ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს ქმედება ჩინეთს ძვირი დაუჯდება.
„ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულმა პრეზიდენტმა „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალი ორი დღის წინ დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა.