სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც „თამაშიდან გავა თურქეთი“.
„ამჟამად ყარაბაღში რეალური ომია, რომლისთვისაც აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ხანია ემზადებოდნენ. ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე მოთამაშე გავა თამაშიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, კონფლიქტში ანკარას ჩართულობის გამო, ეს ქვეყანა ვერ იქნება შუამავალი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების საკითხში.
სარქისიანის თქმით, თურქეთის ყოფნა აზერბაიჯანში აკნინებს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. თუმცა, მისი თქმით, ეს თავად აზერბაიჯანელების საქმეა.
„ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს რეგიონზე, მთლიანად ცვლის სურათს კავკასიაში, ვითარება გადაჰყავს სხვა გეოპოლიტიკურ დონეზე, სადაც მთავარი ღერძი ხდება თურქეთი“ ,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საერთაშორისო შუამავლებმა თურქეთი უნდა დაარწმუნონ, რომ რეგიონის კონფლიქტიდან გავიდეს.