- ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID ხელს უწყობს ინვესტორებისა და მთავრობის თანამშრომლობას
საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის და განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდის მიზნით, USAID-მა დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. იუწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, USAID-მა შეკრიბა განახლებადი ენერგიის დეველოპერები და ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტები და ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, რათა ერთობლივად განეხილათ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიები და მიდგომები.
პოტენციური ინვესტორების დისკუსია ოფიციალურად გახსნეს USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
„USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან განახლებადი ენერგიის წარმოების გაფართოების მიზნით. ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ენერგოუსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სტაბილური და ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელსაც გამოიყენებს როგორც მოსახლეობა, ასევე მრეწველობა. USAID პრიორიტეტს ანიჭებს განახლებადი ენერგიის წარმოებას საქართველოში, რაც ქვეყანას ხდის უფრო ძლიერ და უსაფრთხო პარტნიორს სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა.
პოტენციურ ინვესტორებთან დისკუსიები ორიენტირებული იყო განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების მიმდინარე დაფინანსების რესურსებზე და დაფინანსებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების ინსტიტუციურ პერსპექტივაზე. მონაწილეები გაეცნენ განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოზიდვის ინოვაციური სტრატეგიებისა და მიდგომების ფართო სპექტრს.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების უზრუნველსაყოფად ფართოდ გამოყენებული კორპორატიული ენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებაც. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციური კრედიტორების და მიდგომების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ დეველოპერები, რათა განახლებადი ენერგიის პროექტები გახდეს მიმზიდველი საბანკო სექტორისთვის და მისაღები დაფინანსებისთვის“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.