ნედ პრაისი: ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. სპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ხსენებული კანონპროექტის წარდგენის გამო, რადგან ასეთი კანონი მოახდენს სტიგმატიაზაციას და გააჩუმებს დამოუკიდებელი ხმებს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.

ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. მისივე განმარტებით, ეს წუხილები აშშ-ის მხრიდან გამოითქვა როგორც საჯაროდ, ისე კერძო საუბრებში.

ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გამოთქვეს შეშფოთება საქართელოს პარტნიორებმა, მათ შორის გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა, ასევე, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან უცხოეთის აგენტების კანონპროექტი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას თავისი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე“.

სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” მოითხოვს ხალხისგან, რომლებიც უცხოეთის მთავრობების აგენტები არიან, რომ ასეთებად დარეგისტრიდნენ. ჩვენი კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. FARA ძალიან ვიწროა, შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

ნედ პრაისმა მესამე განცხადება გააკეთა ამ თემაზე, თუმცა ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.