ჯანმოს ექპერტთა ჯგუფმა უხანის ბაზარი დაათვალიერა, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ექსპერტთა ჯგუფმა ჩინეთის ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარი მოინახულა, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა და შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა.
ბაზარი ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს მას შემდეგ დახურა, რაც კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, რომლებიც Covid-19 -ის წარმომავლობას იკვლევენ, უხანში ბაზრებს, ლაბორატორიებსა და საავადმყოფოებს მოინახულებენ. ასევე შეხვდებიან კორონავირუსით პირველად ინფიცირებულ პაციენტებს.
ჩინეთის მთავრობა ერთ წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდის დაშვებაზე. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი პროცესებს განზრახ აჭიანურებს.
ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და აუკრძალოს ნებისმიერ მკვლევარს კვლევის შედეგების გავრცელება.
სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობდა, საერთაშორისო ექსპერტებისგან წამოსული მოსაზრება ჩაეხშო, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი ვირუსის ეპიცენტრად მოიაზრებოდა.
Associated Press-ის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში გაირკვა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ კვლევას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება.
ამავე თემაზე: ჯანმოს გუნდი უხანში საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირველ ინფიცირებულებს უმკურნალეს