რატომ ჩავიდნენ ჩინეთში ჯანმოს მეცნიერები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი ჩინეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ჯანმოს განცხადებით, მეცნიერთა საერთაშორისო გუნდი კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევას შეეცდება.

მეცნიერების ვიზიტი უხანში საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. არც ორგანიზაციამ და არც ჩინეთის მხარემ არ დააზუსტეს, თუ რას ეძებენ მეცნიერები, რომლებსაც ჩინეთის მთავრობამ რამდენჯერმე ქვეყანაში შესვლაზე პრობლემები შეუქმნა . AP News-ის გამოცემა ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს.

რატომ უხანი?

დღევანდელი ცნობების თანახმად, პირველი დაფიქსირებული შემთხვევა სწორედ უხანში იყო. მოსახლეობის დიდი რაოდენობა ქალაქში 2019 წლის დეკემბერში დაინფიცირდა. უმრავლესობა ავადობას ადგილობრივ ბაზარს აბრალებდა, კონკრეტულად კი ეჭვი იმ ადგილზე ჰქონდათ,სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობდნენ.

დაავადება უკონტროლოდ ვრცელდებოდა უხანში, ვიდრე ქალაქი 23 იანვარს არ ჩაიკეტა.

რა არის გუნდის გეგმა?

როგორც ყველა საერთაშორისო ვიზიტორი, გუნდის წევრებიც სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ამ დროის განმავლობაში ისინი ჩინელ კოლეგებთან ონლაინფორმატში იმუშავებენ. კარანტინის შემდეგ: ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარსა(დეკემბერში გავრცელდა პირველი კლასტერი) და უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტშია ვიზიტები დაგეგმილი.

მეცნიერების თავდაპირველი ვარაუდით, ვირუსის გავრცელება ველური ცხოველების ბაზრიდან დაიწყო, თუმცა ეს ვარიანტი გამოირიცხა. მიუხედავად ამისა, მაინც არის შესაძლებობა, რომ ბაზრის ტერიტორიაზეც აღმოჩნდეს საკმარისი მტკიცებულება, რითაც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.

ჯანმოს გუნდს ასევე იმედი აქვს, რომ მათ ექნებათ წვდომა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაზე, სადაც ინახება ვრცელი არქივი, რომელიც 2003 წლის SARS პანდემიის შემდეგ შეიქმნა.

რატომ არის ვიზიტი ნაწილობრივ გასაიდუმლოებული?

ჩინეთის მთავრობა ერთ წელიწადზე მეტია, რაც უარს აცხადებს საერთაშორისო მეცნიერთა გუნდის დაშვებაზე. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი პროცესებს განზრახ აჭიანურებს.

ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტია ცდილობს, რომ შეზღუდოს ინფორმაციაზე წვდომა და აუკრძალოს ნებისმიერ მკვლევარს კვლევის შედეგების გავრცელება.

სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ასევე ცდილობდა, საერთაშორისო ექსპერტებისგან წამოსული მოსაზრება ჩაეხშო, რომელთა მიხედვითაც ჩინეთი ვირუსის ეპიცენტრად მოიაზრებოდა.

Associated Press-ის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაში გაირკვა, რომ მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერ კვლევას, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება.

სახელმწიფო მედია კვლავ განაგრძობს ვირუსის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარიანტის გავრცელებას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვირუსის გამოკვლევით გამოჩნდება, რომ ინფექცია რამდენიმე ქვეყნიდან გავრცელდა".