ოპოზიციონერები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხალხის ნება, კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურად უნდა გაფორმდეს.

ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას მსგავსი დოკუმენტის გაფორმების საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს.

„მადლობა თქვენ ბრძოლისთვის, რომლითაც ამ „რუსულ ოცნებას“ აჩვენეთ, რომ არ დავიღლებით, არ დავნებდებით, სანამ შინ, ევროპაში არ ვიქნებით. გუშინ, ჩვენი ერთიანობით ბრძოლა მოვიგეთ და მათ უკან დაიხიეს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვების არ გვჯერა. მათ სახელი გატეხილი აქვთ.

ხალხის ნება, ამ კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, უნდა გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად. ჩვენ ვიცით პრეზიდენტის პოზიცია ხელისუფლების მიმდინარე ძალადობრივ მოქმედებებზე. მის პოზიციას ვაფასებთ და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე, ამ კვირის დასაწყისშივე, მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა და გაფორმდეს დოკუმენტი, რითაც ხალხის მოთხოვნა აღსრულდება. თუ „ქართული ოცნება“ თავის დღევანდელ განცხადებაში გულწრფელია, მას ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.

ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები.

უკვე 9 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა მმართველ პარტიას, ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას.

ხალხმრავალი აქცია პარლამენტთან ახლაც მიმდინარეობს. პროტესტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები. ისინი ითხოვენ 7-8 მარტის აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და  კანონპროექტების ოფიციალურ დონეზე უარყოფას. აქციის მონაწილეებისთვის უნდობლობას იწვევს მმართველი გუნდის წევრთა განცხადებები, რომ კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე.

შეგახსენებთ, 7-8 მარტს სპეცრაზმი აქციის მონაწილეტა დაშლას ცდილობდა, თუმცა რუსთაველზე პროტესტი არ შეწყვეტილა.