პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწევვა იყო სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო მთავარი მიზანი, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დაიწყო საუბარი.
„ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე, ხელისუფლების გონიერება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ დავიწყეთ სხვა ანალოგიებს შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო - აშშ, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, თუმცა ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს.
ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ბრიტანეთი მუშაობს, კანადამ დაიწყო და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება. ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა კანონპროექტის მიზანი განმარტა. პრემიერისი თქმით, ბევრი არასამთავრობოს საქმიანობა ბურუსით მოცული და გაუმჭვირვალეა.
„რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი NGO იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბურუსით მოცული. მათი ფინანსები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე.
მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც, თავისთავად, კარგია. ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის.
ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა დესტრუქციული არამედ, ექსტრემისტული ორგანიზაციაა“.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.