ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას შს  მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ღონისძიება იდეალურად იყო დაგეგმილი და შესრულებული“.

"პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ  ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა.

ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა.

ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“.

რაც შეეხება კრიტიკას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის სიცრუე და სისულელე“.

„ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა.

მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ.

ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.