პიტერ სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია

ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია. ამის შესახებ სტანომ განაცხადა, როდესაც ისრაელის სასამართლო რეფორმასთან პარალელებზე დაუსვეს შეკითხვა.

სტანოს თქმით, აქედან გამომდინარე აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე.

„როდესაც ჩვენ რეაქცია გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“ საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის ისტორიაში. დემონსტრაციაში 500 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

რატომ ჰქონდა ევროკავშირს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე. ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა პიტერ სტანომ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე... ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, პირველ მარტს განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდა სულ მცირე 2 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.