ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ დასკვაში აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია.

კომისია აცხადებს, რომ მათ შორის არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, ასევე გასათვალისწინებელია მათი თანხმობის გარეშე მოსამართლეთა მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება.

კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - წერია დასკვნაში.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენენ სერიოზულობას და რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარებიან, ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან 14 მარტს გააკეთა.

„დარჩენილი გვექნება ორი საკითხი, დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხი. ამ პროექტებზე მუშაობას უახლოეს დროში დავასრულებთ და, შესაბამისად, საქართველო შეძლებს, სრულად შეასრულოს ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„არის ერთი საკითხი. იცით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას სჭირდება, სულ მცირე, 90 ხმა. აქ ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და იმედი მაქვს, ნაცვლად ლოზუნგებით საუბრისა, ოპოზიცია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს სერიოზულობას და ამ რეკომენდაციის შესრულებაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.