ვლადიმერ ჩაჩიბაია: ჩემი დაჟინებული თხოვნაა, რომ პარლამენტი დავტოვო

საპარლამენტი უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, „მისი სურვილია, პარლამენტის მანდატო დატოვოს, რადგან ფიქრობს, რომ საჯარო ან ნებისმიერ სამსახურში უფრო მეტად მოახდენს საკუთარი თავის რეალიზებას“.

ჩაჩიბაიას თქმით, ის პარტიის ერთგულ წევრად რჩება. 

ამასთან დაკავშირებით მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა. ჩაჩიბაის თქმით, მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, თუმცა მოსალოდნელია დამატებითი განხილვა.

„საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი, იცით, რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია, რომ პარლამენტიდან გამოვიდე“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა.

ის იმ დეპუტატებს შორისაა, რომელმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს ხმა არ მისცა.

პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.