ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში გიორგი ამილახვარს და ირაკლი კოვზანაძეს

გიორგი ამილახვარს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გიორგი ჩაკვეტაძე შეცვლის.

ამასთან, თენგიზ შარმანაშვილი  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლეა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, პარლამენტის დატოვებას ასევე გეგმავენ ვლადიმერ ჩაჩიბაია, დავით სერგეენკო და ნინო იობაშვილი.

ცნობისათვის, ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს.

ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.