- სი ძინპინი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია, რომელმაც პუტინს ხელს ჩამოართვა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა
- პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადებები შეისწავლა
BBC-ის სტატიის თანხმად, რუსეთში სი ძინპინის ვიზიტი ხორციელდება უკიდურესად სენსიტიურ დროს, როდესაც კრემლი ცდილობს, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს ჩინეთისგან მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები უკრაინაში შეიჭრნენ.
თუმცა, თუ ვიმსჯელებთ იმ წერილობითი განცხადებებიდან, რომლებიც პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა პუტინმა, მათი ქვეყნების სახელმწიფო მედიასაშუალებებით გამოაქვეყნეს, არსებობს გარკვეული განსხვავებები, თუ რისი მიღწევა სურთ პეკინს და მოსკოვს, - წერს ბრიტანული მედია.
„პუტინს, რა თქმა უნდა სურს, აჩვენოს, რომ პეკინი მისი შეჭრის სრული მხარდამჭერია, თუმცა, პეკინს ორი მიზანი აქვს. უპირველეს ყოვლისა, კრემლთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად ჩინეთის მიზეზები უკრაინის ომს სცილდება.
უპირველეს ყოვლისა, ორივე ქვეყანა იზიარებს საზღვარს 4300 კმ-ით, რაც დაახლოებით ევროპის სიგანის ექვივალენტურია - ამდენად, პეკინს სურს ამ ურთიერთობის სტაბილიზაცია. მეორეც, სი ძინპინმა ირანისა და საუდის არაბეთის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მიზნით შუამავლის როლის შესრულებით, ახლახან მოიპოვა უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვება. მას შესაძლოა, სურდეს გამოიყენოს ეს იმპულსი რუსეთსა და უკრაინას შორის მედიაციის შესაძლებლობის მოსაძებნად“, - წერს BBC.
რა თქვა სი ძინპინმა მოსკოვში
ჩინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პუტინს ექნება რუსი ხალხის მხარდაჭერა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს მას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ახალ იმპულსს მისცემს ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას", - ციტირებს სი ძინპინის სიტყვებს AFP. მან რუსეთს და ჩინეთ შორის პარტნიორობას სანდო უწოდა.
მისი ვიზიტის პარალელურად მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღით ამარაგებს. მანვე დასავლეთი გააკრიტიკა ასეთი ეჭვების არსებობის გამო.
პუტინი ამბობს, რომ ის განიხილავს ჩინეთის წინადადებებს უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კრემლში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლის თანახმად, პუტინი თავის ჩინელ კოლეგას ესაუბრება: „ძვირფასო მეგობარო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუსეთში“.
„მე ვიცი, რომ თქვენ პირადად და ყველა ჩვენი ჩინელი მეგობარი... სამართლიანად და დაბალანსებულად უყურებთ აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს“, - განაგრძობს პუტინი.
„ჩინეთმა ბოლო წლებში კოლოსალური ნახტომი განიცახდა მისი განვითარების კუთხით. ეს იწვევს ნამდვილ ინტერესს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ცოტა შურსაც კი ვგრძნობთ“, - აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, სი ძინპინი ამბობს: ჩვენ უნდა გქონდეს მჭიდრო ურთიერთობა“.
აქვე, მან რუსეთის ლიდერი შეაქო „ძლიერი ლიდერობისთვის“, რომელმაც მისი თქმით, რუსეთს აყვავების საშუალებას მისცა.
დიდი ბრიტანეთი და უკრაინა მოუწოდებენ პეკინს, დაასრულოს ომი
გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის მთავრობებმა მოუწოდეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, გამოიყენოს თავისი ვიზიტი რუსეთში, მეზობელ უკრაინაში ომის დასასრულებლად. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ სი ძინპინის მოგზაურობას ახლოდან აკვირდებიან.
ანალოგიურად, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს ბერკეტები და მოუწოდოს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.