NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება.
სტოლტენბერგმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე.
NATO-ს გენერალურ მდივანს, 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა.
მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და ასევე, კორუფციასთან ბრძოლისთვის.
ქართველმა ხალხმა ძალიან განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.