საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა - ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს აქამდეც იმსახურებდა. მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა.

„ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ევროსტრუქტურების შეფასება. მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ადასტურებს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც. ეს ნიშნავს, რომ თუ იმ ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველო ამ სტატუსს აქამდეც იმსახურებდა, მით უმეტეს, იმსახურებს იმ პირობებში, როცა ქვეყანამ 12-პუნქტიანი გეგმა მაქსიმალურად შეასრულა. დარჩენილ პუნქტებზე მუშაობა დასრულდება და ველოდებით დამსახურებაზე დაფუძნებით შეფასებას და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


2022 წლის თებერვალში უკრაინამ წევრობაზე განაცხადი ომის ფონზე გააკეთა. საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

ივნისში ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ მიიღებს.