წინასწარი მონაცემებით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე განხორციელებული ტერაქტის კვალი ირანამდე მიდის, - ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ ქანაანის განცხადებების კომენტირებისას.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანს არასოდეს დაუშვია თავისი ტერიტორიის გამოყენება მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ. პირიქით, აზერბაიჯანმა ბოლო დროს მუქარა მოისმინა და ირანის მხრიდან პროვოკაციების მომსწრე გახდა. მაგალითებია ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვრებთან, ირანის ოფიციალური პირების ანტიაზერბაიჯანული განცხადებები და ტერორისტული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე.
ასევე აღვნიშნავთ, რომ წინასწარი გამოძიების თანახმად, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე მომხდარი ტერაქტის კვალი ირანამდეც მიდის“, - აღნიშნა ჰაჯიზადამ.
აზერბაიჯანელ დეპუტატს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 29 მარტს ესროლეს.
ამავე დღეს თელ-ავივში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. აზერბაიჯანის საელჩოს გახსნას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დაესწრნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნა ასახავს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და რომ აზერბაიჯანი და ისრაელი ირანისგან მომდინარე საფრთხეს იზიარებენ.
2023 წლის იანვრის ბოლოს, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმაში, რომლის დროსაც აზერბაიჯანის საელჩოს დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა, აზერბაიჯანმა ირანის სპეცსამსახურებს დასდო ბრალი.