უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოველ კოლეგას მაია სანდუს შეხვდა, რომელიც მისი მოწვევით უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
მისივე ცნობით, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა მოლდოვის სოლიდარობის მნიშვნელობა რუსული აგრესიის პირობებში და ხაზი გაუსვა მტკიცე გადაწყვეტილებას, გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად“.
ორმა ლიდერმა „გამოთქვა მზადყოფნა, გააძლიეროს თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან გამოწვევების დაძლევის კონტექსტში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხს.
სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში.
ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული.
ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.