ბულგარეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები მეხუთედ ტარდება

ბულგარელები ბოლო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებში მეხუთედ მონაწილეობენ. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ბულგარეთმა შესაძლოა, კვლავ ვერ შეძლოს ფუნქციონალური საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბება.

ექვსი თვის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მთავარი კონკურენტები კვლავ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „გერბი“  და ასევე ექსპრემიერ კირილ პეტკოვის - „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას“ (PP) არიან.

ორივე პარტია 26%-ანი მხარდაჭერით სარგებლობს.

„სამი წლის წინ ბულგარეთში მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციები დაიწყო, მაგრამ პოზიტიური ცვლილების ნაცვლად, დემონსტრაციებმა არჩევნების სერია გამოიწვია. 10-წლიანი ხელმძღვანელობის დასრულების შემდეგ, ბორისოვმა ძალაუფლება 2021 წელს დაკარგა. მას შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შექმნეს სტაბილური კოალიციები, რამაც პოლიტიკური არეულობა და დროებითი მთავრობები გამოიწვია.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ბულგარეთი გაყო. ბულგარეთი ევროკავშირისა და NATO-ს ალიანსის წევრია, მაგრამ იზიარებს ღრმა ისტორიულ და კულტურულ კავშირებს რუსეთთან, რამაც გავლენა მოახდინა ბულგარეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, - წერს DW.

ბულგარეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელმაც არ დაადასტურა მონაწილეობა ევროკავშირის გეგმაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვას გულისხმობს. კერძოდ, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი საჯაროდ გამოვიდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.

EURACTIV-ის გამომძიებელი ჟურანლისტების ცნობით, ბულგარეთის მიერ მილიარდობით ევროს ღირებულების იარაღის კიევისთვის მიწოდება არ შეწყვეტილა, მიუხედავად სოფიის ხელისუფლების ოფიციალური მტკიცებისა. ორ კოალიციას, რომლებიც კვლევის შედეგების სათავეში არიან, კიევისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას უჭერენ მხარს.