თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისა და პოლიციის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ქმედება შეაფასა და მას კანონსაწინააღმდეგო და მიუღებელი უწოდა.
„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საკითხზე პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. ამრიგად, თუ რომელიმე ადამიანი ან პოლიტიკური პარტია დაარღვევს კანონს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.
რაც შეეხება აღნიშნული პიროვნების დაკავებას, მას ბრალად ედება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციის მიმართულებით, რაც კანონდარღვევაა და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ორგანიზატორები, თუ ვინ გაუწია ორგანიზება ამ ყველაფერს. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი. მან შეასრულა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო".
ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ.
„ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.
„ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა.
ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.
„თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“.
პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.