მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა ბრალდებულის პოზიცია მედიას გააცნო

მარტის აქციების მონაწილის ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, სამართალდამცველები დაკავების დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღიარებითი ჩვენების არმიცემის შემთხვევაში მეგობრის დაკავებით დაემუქრნენ.

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულის ადვოკატმა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ახალგაზრდის მონახულების შემდეგ მედიას განუცხადა, რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა.

„ვესაუბრეთ ლაზარეს და მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი მოგვიყვა. მისი სურვილია, რომ გავაჟღერო ყოველივე. ადვოკატის ნაწილში ცალსახად მისი უფლებები დაირღვა. მან განმარტა, რომ იგი ითხოვდა ადვოკატს, მას კი ადვოკატი არ მიუყვანეს.

დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი და უთხრეს, რომ დაერეკა ადვოკატისთვის. მან, როცა მისი ტელეფონის კოდი აკრიფა, ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯეს და ადვოკატთან არ დაარეკინეს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მასთან ვინმე დეპარტამენტის უფროსი შევიდა, რომლის სახელი და გვარი არ იცის, უფროსს ჰგავდაო. ის შევიდა მასთან და უთხრა, რომ ადვოკატს არ მოგიყვანთო. ამავე დროს, თუ ის ჩვენებას არ მისცემდა, ეს რა თქმა უნდა, უნდა ყოფილიყო აღიარებითი ჩვენება, ამ შემთხვევაში მის მეგობარს, გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენ.

თქვა, რომ ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო. აქციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ უარყოფს. პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებას, რა იყო რეალურადო“, - განაცხადა ბითაძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისს ციხეში მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თმა გადაპარსეს.

„ციხის, პენიტენციურის პირობებში არის ნორმალურ პირობებში, როგორც თვითონ განმარტა. უბრალოდ, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდაო თმის გადაპარსვაო და თმა გადამპარსესო“, - აღნიშნა ადვოკატმა ბითაძემ მედიასთან.


მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო".

ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ.

„ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

„ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა.

ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს.

„თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“.

პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.

ლაზარე გრიგორიადისი ხსენებული პროტესტის მონაწილე იყო.