ზალკალიანი დანიის ელჩზე: უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის კომენტარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიგი გიგიაძეს სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. მინისტრი ამბობს, რომ განცხადების გაკეთებამდე უმჯობესი იყო ელჩს საკითხი სამინისტროსთან გაერკვია:

„მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, ელჩი როდესაც რაიმე სახის განცხადებას აკეთებს, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საკითხი? ასეთი ზარი არ შემოსულა, ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ეს განცხადება თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. მე არ მქონია სამწუხაროდ მასთან კომუნიკაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება მასთან კომუნიკაცია და აუცილებლად მიეწოდება ყველა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, იგივე გამოძიების პროცესში რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ეს ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. “,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას 7 ოქტომბერს „ფეისბუკზე" გამოეხმაურა საქართველოს ელჩი დანიაში და ისლანდიის რესპუბლიკაში გიგი გიგიაძე. ის 2014-2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება", - წერდა დიპლომატი.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.