ავსტრალია ყველა სამთავრობო მოწყობილობაზე TikTok-ს აკრძალავს

ავსტრალია სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ს აკრძალავს იმის შიშით, რომ აპლიკაციის უსაფრთხოება დაზიანებულია და პლატფორმას ჩინეთი შესაძლოა, საგარეო ჩარევის მიზნით იყენებდეს. ამის შესახებ CNN წერს.

ავსტრალია შეერთებული შტატებს, კანადას, გაერთიანებულ სამეფოსა და ახალ ზელანდიას უერთდება, რომლებმაც ასევე აკრძალეს ეს აპლიკაცია.

გენერალურმა პროკურორმა მარკ დრეიფუსმა განაცხადა, რომ აკრძალვა ძალაში შევა „როგორც კი შესაძლებელი იქნება". მისი თქმით, შეღავათები დაიშვება ცალკეულ შემთხვევაში.

„დაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტოებისგან რჩევის მიღების შემდეგ, დღეს მე უფლება მივეცი გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის მდივანს, გამოსცეს სავალდებულო მითითება, რათა აიკრძალოს TikTok-ის აპლიკაცია თანამეგობრობის დეპარტამენტებისა და სააგენტოების მოწყობილობებზე“, - განაცხადა პროკურორმა.