საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ექიმების კონსილიუმს დასკვნა ექნება, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგში გასაგზავნ ტექსტზე ისაუბრებენ.
„საშინელი სანახავია. ძალიან გამხდარია, ჩვეულებრივი ჩონჩხივით. მე მაქვს იმედი და ველოდები, რომ კონსილიუმს დასკვნა ექნება. ამის შემდეგ, ადვოკატები, ალბათ, მოვლენ და ისაუბრებენ იმ ტექსტზე, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნება. მეც მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ჩვენ სტრასბურგს მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული სურათი უნდა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.