კელი დეგნანი: რეაქცია, რაც ვნახეთ, ზედმეტად ემოციურია, ეს სანქციები არ ეხება პოლიტიკურ პარტიას, ზოგადად, სასამართლო სისტემას, ეს ეხება 4 კონკრეტულ პირს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ის იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესდა. კელი დეგნანის თქმით, შტატები ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს.

„აშშ არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი საქართველოსი 30 წლის განმავლობაში და ამის ნიშანი და გამოხატულებაა ქვეყნის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში - იქნება ეს სკოლების გარემონტება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბევრი სხვა რამ და რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დახმარება იმისათვის, რომ მათ უკეთ დაიცვან საქართველოს საზღვრები და შეძლონ აგრესიის შეჩერება.

ჩვენ ვაკეთებთ ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა, ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ ქვეყანაში და არიან ევროპული ოჯახის წევრები, ყველაფერი, რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია.

რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მხრიდან გამოჩნდა შინაარსიანი რეფორმების გაგრძელების ნების ნაკლებობა, რაც ნამდვილად დამოუკიდებელს გახდიდა სასამართლოს.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას იმ რეაქციებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსამართლეებისგან მოჰყვა.

„რეაქცია რაც ჩვენ ვნახეთ, არის ზედმეტად ემოციური, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა სასამართლო სისტემასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, წლების განმავლობაში ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა, მოსამართლეების ტექნიკური უნარები, ვმუშაობთ მოსამართლეებთან. ბევრ მოსამართლეს შევხვედრივარ და ისინი არიან პროფესიონალები, კეთილსინდისიერები, ერთგულნი, რომ შეასრულონ თავისი საქმიანობა, აღასრულონ მართლმსაჯულება ჩარევის გარეშე. მათ ეს სურთ და მათ ამის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ეს ოთხი ადამიანი, დაფუძნებით სპეციფიურ ინფორმაციაზე, რაც ჩვენ გვქონდა, ხელს უშლიდა ამ მოსამართლეებს ამ თავის სურვილში. ეს არ არის პოლიტიკურ პარტიაზე, სასამართლო სისტემაზე ან ყველა მოსამართლეზე, ეს არის ოთხ კონკრეტულ პირზე, რომლებიც ხელისშემშლელები იყვნენ აშშ-ის კანონმდებლობით და ჩართულნი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, მათ არ აქვთ უფლება, რომ შემოვიდნენ აშშ-ში“, -  აცხადებს კელი დეგნანი.

ამასთან, კელი დეგნანმა უპასუხა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც.

„არ ვიცი, რაზე საუბრობს, მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველა ქართველისთვის შემაშფოთებელი იქნებოდა, რომ მათ უსმენენ“, - აღნიშნა ელჩმა.


„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, პირდაპირ ბლინკენი „გასვარეს“, - განაცხადა 5 აპრილის საღამოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

„ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან, ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები - წესებით დაგველაპარაკონ, ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით“, - განაცხადა კობახიძემ.

სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით კი, აშშ-ის საელჩოს სურს, მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება. „შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ“. - განაცხადა მურუსიძემ.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბლინკენის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ელჩ დეგნანის ვიდეომიმართვა.