წელს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდებაზე, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ Reuters-ს სამმა წყარომ განუცხადა. სააგენტო წერს, რომ ასტანა ცდილობს, შეამსუბუქოს დამოკიდებულება რუსეთის გავლით ტრანზიტზე.
„ნავთობი შესაძლოა, კასპიის ზღვის ყაზახეთის შელფზე მდებარე გიგანტური კაშაგანის საბადოდან წამოვიდეს, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ორი აზერბაიჯანელი და ერთი ყაზახი ოფიციალური პირის განცხადებით, აზერბაიჯანმა შეთავაზება გააკეთა და მხარეები ახლა დეტალებს განიხილავენ.
ყაზახეთს ნავთობის უმეტესი ნაწილი ევროპაში კასპიის მილსადენის კონსორციუმის ხაზით გააქვს, რომელიც რუსეთს კვეთს, ასტანა უკრაინის გამო თავისი მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობს. მან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდება უკვე დაიწყო.
ბაქო–სუფსის ნავთობსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წლის თებერვალში. მისი სიგრძე 837 კილომეტრია. მილსადენის დიამეტრი 530 მმ.
ასევე წაიკითხეთ