ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყარომ Reuters-თან განაცხადა, რომ ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Kazmunaigaz-ი (KMG) მოლაპარაკებას მართავს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლობასთან, რათა წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობი აზერბაიჯანულმა მილსადენმა გაატაროს. ასევე წყაროს თქმით, საბოლოო კონტრაქტის გაფორმება აგვისტოს ბოლოს იგეგმება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის დატვირთვა ერთი თვის შემდეგ დაიწყება.
ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მარაგის 1%-ზე მეტს, დღეში დაახლოებით (bpd) 1,4 მილიონ ბარელს შეადგენს. 20 წლის განმავლობაში ყაზახეთი (CPC) მილსადენით სარგებლობდა, თუმცა ივლისში რუსეთის სასამართლო CPC-ს (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) დახურვით დაემუქრა, რამაც აიძულა ყაზახეთის მთავრობა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლები, სხვა კონტრაქტებზე ეფიქრათ.
მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ნავთობის საერთაშორისო ფასმა 14 წლის მაქსიმუმს მიაღწია, მაღალი ფასები შენარჩუნდა და ივლისში ბარელზე საშუალოდ $100-ზე მეტიც იყო.
მისივე ინფორმაციით, წელიწადში კიდევ 3,5 მილიონი ტონა ყაზახური ნედლი ნავთობის გატარება შეიძლება, 2023 წელს დაიწყოს აზერბაიჯანის სხვა მილსადენით, საქართველოს შავი ზღვის პორტ სუფსამდე.
აზერბაიჯანზე დაყრდნობა ყაზახეთს რუსეთის გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. გასულ თვეს BP აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნაკადებს უფრო დიდ, BTC მილსადენზე გადაიტანდა.
თუმცა, ახალი BTC მარშრუტით ყაზახეთს მოუწევს, დაეყრდნოს მცირე ზომის ტანკერების ფლოტს, რათა თავისი ნავთობი კასპიის ზღვის გავლით, ბაქოში გადაიტანოს პორტ აქტაუდან, რომელსაც შეზღუდული სათადარიგო შესაძლებლობები აქვს, აცხადებენ წყაროები.
სხვა მარშრუტები
Tengizchevroil (TCO)-ს, რომელსაც მთავარი ნავთობკომპანია Chevron ხელმძღვანელობს, საკუთარი მარკეტინგული ჯგუფი ჰყავს და ცალ-ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს საკუთარ მარშრუტებსა და სარკინიგზო გზაზე, თქვა ორმა წყარომ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება, TCO-სთვისაც ვარიანტი აღმოჩნდეს, მაგრამ წყაროს თქმით, თუ შეთანხმებას მიაღწევენ, მისი დატვირთვის დაწყებას შესაძლოა, ექვსი თვე დასჭირდეს.
TCO-მ აპრილში რკინიგზით დაიწყო ბათუმის პორტისკენ მცირე მოცულობების გადატანა, რადგან CPC-ს ტერმინალი (კასპიის მილსადენის კონსორციუმი) ქარიშხლის გამო დაზიანდა. ორი წყაროს ცნობით, TCO ჯავშნის უფრო მეტ სარკინიგზო გადაზიდვებს, რომლის ზრდაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის არის მოსალოდნელი.
ყაზახეთი ცალკე ახორციელებს ერთი მილიონი ტონა (დღე-ღამეში 250 000 ბარელი) Urals -ის ნავთობის გადაზიდვას რუსული მილსადენით, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის პორტებში.
ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა).