თოყაევი ალიევთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. შუა დერეფნის პოტენციალის სრულ ამოქმედებას. საუბარია ლოგისტიკური მომსახურების გაუმჯობესებაზე, ერთიანი სატრანსპორტო ოპერატორების შექმნაზე, ტექნიკური და სატარიფო პირობების მოდერნიზაციაზე, ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრაზე.

ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის 2022-2027 წლების განვითარების საგზაო რუკის ეფექტიან განხორციელებას.

„შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ მზარდი ინტერესი ამ მარშრუტის მიმართ და მესამე ქვეყნების ჩართვა მის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა ეს ღონისძიება, ისევე როგორც მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უზრუნველყოფს ტვირთების მიწოდების სტაბილურობასა და ეფექტიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით.

„ჩვენ ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას. დღეს ჩვენი პრიორიტეტია მსოფლიო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების შემდგომი დივერსიფიკაცია. მოგეხსენებათ, ჩვენი შეთანხმებების საშუალებით, წელს ყაზახური ნავთობის პირველი პარტია აზერბაიჯანის გავლით გაიგზავნა. შემდეგი ნაბიჯი არის მიწოდების მოცულობის გაზრდა და მათი გრძელვადიანი მდგრადობა“, - განაცხადა თოყაევმა.

  • ასევე წაიკითხეთ: