შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის. მანმდე, სავარაუდოდ, გაჟონილი დოკუმენტის თანახმად, კაირო ფარულად აპირებდა მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდებას.
„ჩვენ არ გვინახავს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ეგვიპტე რუსეთს იარაღს აწვდის“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, მიიღოს პასუხები რაც შეიძლება მალე, რათა დადგინდეს, თუ სად იყო დარღვევა.
Reuters-ის მიერ მოპოვებული სავარაუდოდ გაჟონილი დოკუმენტი აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში სოციალურ მედია ქსელში (Discord) გამოჩნდა.
მას შემდეგ პენტაგონმა გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს მათი წყარო.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ზოგიერთი გაჟონილი დოკუმენტი შეცვლილი იყო. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის CNN და New York Times-ი იტყობინებიან, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბევრი დოკუმენტი ნამდვილია. უკრაინამ, თავის მხრივ, უარყო გაჟონილი ფაილების ნამდვილობა და მას რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა.