რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს მოსკოვში იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მთელი რიგი სატელეფონო საუბრების შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მხარეებს მოუწოდებს, შეაჩერონ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო, გვამებისა და პატიმრების გაცვლის მიზნით“, - ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ამ საკითხებზე კონსულტაციების გასამართად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შუამავლობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან მოსკოვში 9 ოქტომბერს“, - აღნიშნულია განცხადებაში.