ლატვია სანქციებს უწესებს რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ

ლატვიამ სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 10 რუს ოფიციალურ პირს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ზე წერს. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კარა-მურზას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

მისი შეფასებით, ვლადიმერ კარა-მურზა არის რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ოპოზიციონერი მოღვაწის ბორის ნემცოვის ახლო თანამოაზრე, რომელიც 2015 წელს მოკლეს და რუსეთის მმართველი რეჟიმის დიდი ხნის კრიტიკოსი. ის იყო „მაგნიტსკის სიის“ მიღების ფასილიტატორი და აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. 

„ვგმობ უსამართლო და მკაცრ სასჯელს გამოჩენილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ. გადავწყვიტე, სამოგზაურო აკრძალვა დავაწესო 10 რუსი პირის წინაღმდეგ, რომლებიც ამ ყალბი საქმის თანამონაწილეები არიან. მოვუწოდებ ევროკავშირსაც, დააწესოს სანქციები“, - წერს ედგარს რინკევიჩსი.


რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს.

„სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს.

აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“.