აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Eurupetime-თან ინტერვიუში საუბრობს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის კონტრშეტევასა და პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე.
ზოგადად, როგორ შეაფასებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობას ახლა და ამ კონტექსტში რას ნიშნავს აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო აკრძალვა დაუწესოს ქართველ მოსამართლეებს. პოლ გობლი, ხსენებული შეკითხვის საპასუხოდ Europetime-თან ამბობს, რომ შტატების გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა, თუმცა არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდად არის.
ხსენებული პრობლემების მიუხედავად, აშშ-საქართველოს ურთიერთობები კვლავ კარგ ნიშნულზეა. არასოდეს უნდა ველოდოთ, რომ ქვეყნებს შორის კავშირები უპრობლემოდ და მღელვარების გარეშე წარიმართება. სავიზო აკრძალვები იმის ნიშანია, რომ ყველაფერი არც ისე კარგად არის, მაგრამ არც იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც სანქციები თითქმის პირველია პოლიტიკის შემქმნელთა „ინსტრუმენტთა საცავში“. თუ არ არსებობს აშკარა ალტერნატიული ნაბიჯი, სანქციები არის სწორი გზა იმის საჩვენებლად, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ.
რამდენად შორს წავა ეს ყველაფერი, არ ვიცი, თუმცა ამ შემთხვევაში საკმაოდ შორს წავიდა. ჩემი აზრით, აშშ სათანადოდ განაწყენებულია იმით, რაც ზოგიერთმა ქართველმა მოსამართლემ გააკეთა და სანქციები, როგორც ჩანს, ერთადერთი კარგი გზა იყო ამის საჩვენებლად.
არის თუ არა დრო, რომ NATO-მ ვილნიუსის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით მიმართოს უკრაინას და საქართველოს? ამ საკითხის განხილვისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ 10 წელზე მეტია, ამ ორივე ქვეყნის გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ისურვებდა, რომ მსგავსი შეთავაზების ადრესატები გახდნენ საქართველო და უკრაინა.
„ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება უნდა გაკეთდეს. ათ წელზე მეტია, რაც ორივე ქვეყნის წევრობის დამცველი ვარ; მაგრამ ვშიშობ, რომ მათ მიღებამდე გარკვეული პერიოდი კიდევ გავა“.
სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდა Europetime-თან, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება.
არსებული სიგნალებიდან გამომდინარე, რა მოსაზრება აქვს საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, ხედავს თუ არა საქართველოსთვის დაბრკოლებას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში? და როგორ შეუძლია ქვეყანას, თავი დააღწიოს მას და გადაჭრას ეს შემაფერხებელი ფაქტორები. პოლ გობლი მიიჩნევს, რომ თბილისმა უფრო მეტი ერთგულება უნდა აჩვენოს ღირებულებების მიმართ.
თბილისს ახლა არსებულზე უფრო მეტი ერთგულების დემონსტრირება მოუწევს დასავლური სამართლებრივი ღირებულებების მიმართ, თუ მას სურს, რომ კანდიდატის მიღების რაიმე იმედი ჰქონდეს.
უკრაინელები გეგმავენ კონტრშეტევას. ამ ფონზე პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები გახმაურდა და აშშ ამბობს, რომ ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ურთიერთობაზე. ომის კიდევ ერთი ახალი ფაზა - როგორია პროგნოზები მის დასრულებასა და შედეგებზე? - სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თავად ეს ფაქტი (საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა.რედ) კატასტროფულია, ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა.
დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი კატასტროფულია, რადგან მას რუსეთი და სხვები იყენებენ დასავლეთისა და მისი პარტნიორების დასასუსტებლად. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობების საფუძვლები არ შეცვლილა და ამიტომ, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მე მინდა ვნახო, რომ ბევრს, ბევრად მეტს ვაკეთებთ. მაგრამ მე რეალისტი ვარ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე საკმარისს გავაკეთებთ. საბედნიეროდ, უკრაინელები იბრძვიან ჩვენთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ იღებენ სრულ მხარდაჭერას, რასაც იმსახურებენ.