უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირისკენ გზის დაჩქარება უნდა შესთავაზონ - პოლ გობლი

აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კორექტირებას ახდენს. დასავლეთი „რუსეთის აგრესიის ხასიათის ცვლილების“ ფონზე, შესაბამისად მოქმედების ეტაპზე გადადის. ერთ-ერთი პირველი ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთდა.

მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ ახლებურად დგამს ყველა ნაბიჯს და ტრადიციულად, ეს ხდება პარტნიორებთან და მოკავშირეებთან სრული კოორდინაციით.

  • „ჩვენ ახლებურად ვდგამთ ყველა ნაბიჯს, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან, რათა დავეხმაროთ უკრაინის იმით, რაც ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა ბლინკენმა.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიან პასუხში შესაძლო კორექტივების შეტანასა და მასში პარტნიორების განახლებულ როლზე, Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტს შეკითხვით 18 ოქტომბერს მიმართა.

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს.

აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. აშშ-ის მკაფიო გზავნილია, რომ კიევზე თავდასხმები ვერ გატეხს უკრაინის სულისკვეთებას და შტატების გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას.

ამასთან, აშშ მტკიცე მოუწოდებს სხვა ქვეყნებსა და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ.

უნდა მოდიფიცირდეს თუ არა კოორდინირებული პასუხი ომის ახალ ფაზაზე, ამ თემას Europetime-თან განიხილავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი.

სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება.

„დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას.

ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს.

ეს ისეთივე შემზღუდავი ღონისძიება იქნებოდა, როგორც ვთქვათ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, - მიიჩნევს პოლ გობლი.


Europetime-თან პოლ გობლი ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით, ასევე მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე.

„ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“.

ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. 


  • Europetime-ზე ასევე გაეცანით უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის ჯონ ჰერბსტის ხედვას.


შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო წარმატების ფონზე, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის მასიურად დაბომბვა განაახლა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ცნობით, მოსკოვი მიზანმიმართულად აზიანებს კრიტიკულ ინფრასტუქტურას. კიევი იუწყება, რომ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია.

მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდებენ. ამ პროცესების პარალელურად, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა.

დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.