- სერვისების, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, USAID ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან მუშაობას იწყებს
დღეს USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს სამ მუნიციპალიტეტთან, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საქმიანობის გაუმჯობესებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაზრდას.
ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებსაც დღეს ხელი მოეწერა ბოლნისთან, დმანისთან და მარნეულთან, ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ქენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი.
USAID-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციი, პროექტის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო სერვისები და გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. ურთიერთგაგების მემორანდუმები ასევე წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, ადგილობრივი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
თანამშრომლობა შეეხება თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლენილ სისტემებსა და სერვისებს, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროები, როგორიცაა სოციალური მომსახურება, მყარი ნარჩენების მართვა, მუნიციპალური ტრანსპორტი, სკოლამდელი განათლება, ციფრული სერვისები და სხვა საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ინფორმაციისთვის, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად. პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის საშუალებით, USAID სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტს დაუჭერს მხარს. აღნიშნული სამი მუნიციპალიტეტი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პირველი წლის 11 პარტნიორ მუნიციპალიტეტს შორისა შერჩეული. მათ გაიარეს მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი, გამოხატეს ინტერესი და მზაობა, იმუშაონ მუნიციპალური ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების ამაღლებაზე, საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდაზე.
USAID-მა ჩაატარა სამუშაო შეხვედრები 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტთან, თითოეული მუნიციპალიტეტის გამოწვევებისა და პრიორიტეტული საჭიროებების გამოსავლენად. შედეგად, შემუშავდა ინდივიდუალური სამოქმედო გეგმები, რომელიც საფუძვლად დაედო თითოეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს.