ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორისი საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასაშვებად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დასაშვებად ცნო.

საქმე ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქმესთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პუნქტში ნახსენები არიან არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია. 

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა.

  • საქართველო რუსეთის ფედერაციას ევროკონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების პატივისცემის უფლება, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა.

სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, საქართველოს მთავრობა საჩივარში ამტკიცებს, რომ რუსეთი ჩართულია და კვლავ აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის შევიწროებას, უკანონო დაკავებებს, ეთნიკურად იმ ქართველების წამებას, მკვლელობასა და დაშინებას, ვინც შეეცადა გამყოფი საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას, ან ვინც ამ ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

სარჩელში საქართველო სტრასბურგის სასამართლოს სთხოვს, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევები განიხილოს არამხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციები, არამედ, როგორც კონვენციის ინდივიდუალური დარღვევის შემთხვევები, რაზეც სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ საქმეებზე არსებობს ინდივიდუალური სარჩელებიც, რაც სტასბურგმა აქამდე მიიღო, ამიტომ სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ განიხილავს ბრალდებებს ადმინისტრაციულ პრაქტიკის შესახებ, ხოლო სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ამის სავარაუდო ილუსტრაციას.

„საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არჩილ ტატუნაშვილს - ქართველ მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც გაიტაცეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის მცდელობისას, უკანონოდ ჩამოართვეს თავისუფლება, აწამეს და მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება; რომ რუსეთმა არ ჩაატარა კონვენციის შესაბამისი გამოძიება მისი უკანონო დაკავებისა და მკვლელობის გამო, და დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას უკანონო დაკავებისა და მკვლელობის შესახებ, ორი ეთნიკური ქართველის, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლებამ სხვა ვითარებაში დააკავა და მოკლა“, -  წერია ევროპული სასამართლოს პრესრელიზში.


ევროპული სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, „2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. მან სამხედრო ბაზები და რუსი ჯარისკაცები ორივე რეგიონში განათავსა“. 

საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა „ბორდერიზაციის“ პროცესს საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვრებს საოკუპაციო ხაზად მოიხსენიებს. ამის საპირისპიროდ, რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ადმინისტრაციულ საზღვრებს საერთაშორისო საზღვრად განიხილავს იმ მოტივით, რომ რუსეთმა ორი სეპარატისტული ერთეული დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“, - წერს ევროპული სასამართლო პრესრელიზში.


შეგახსენებთ, რუსეთი ევროსაბჭოდან გასული წლის მარტში გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო. ამის მიუხედავად, ევროპის საბჭო მიუთითებს, რომ რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. 16 სექტემბერს რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს. 

„სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა იურისდიქცია საქმის განხილვაზე, რადგან ფაქტებს, რომლებიც წარმოადგენდნენ კონვენციის სავარაუდო დარღვევას, ადგილი ჰქონდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია ევროპული კონვენციის მოქმედებას შეაჩერებდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს სთხოვა, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის საქმეები განეხილა არამხოლოდ სავარაუდო ადმინისტრაციული პრაქტიკის ილუსტრაციად, არამედ კონვენციის ცალკეულ დარღვევად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საქმეები ასევე იყო სამი ინდივიდუალური საჩივრის საგანი.

ამიტომ გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ განიხილავდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ბრალდებებს და განიხილავდა სამ ცალკეულ შემთხვევას, როგორც ასეთი პრაქტიკის სავარაუდო ილუსტრაციებს. უფრო მეტიც, სასამართლო დათანხმდა, რომ არცერთი მოვლენა, რომელიც მოხდა 2009 წლამდე – ანუ „ბორდერიზაციის“ პროცესამდე – არ უნდა იყოს გათვალისწინებული. რუსეთის მთავრობის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ განცხადება შეტანილი იყო ზოგადი საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად და არა კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე ეხებოდა უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს ჰქონდათ პოლიტიკური ასპექტები, სასამართლოს არ შეეძლო, უარი ეთქვა საქმის განხილვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პოლიტიკური შედეგები. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის უარყოფის საფუძველი და არ დააკმაყოფილა რუსეთის პრეტენზია“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ 20 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზს, რომელიც გამოტანილ გადაწყვეტილებას ეძღვნება.