იენს სტოლტენბერგი: ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში დააყენებს გაწევრიანების საკითხს და ეს იქნება სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა

NATO-ს გენერალური მდივანი იენს ტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა.

„ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე დააყენებს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც 20 აპრილს მოულოდნელად ჩავიდა კიევში პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ამავე პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ სტოლტენბერგს მიმართა, რომ დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს.