ალბანეთმა რუსეთს უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ რუსეთში ალბანეთის საელჩო იტყობინება.
ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს პირველი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა.
„ალბანეთის რესპუბლიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაში გაცნობებთ, რომ ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის ცვლილებების შესაბამისად, 2021 წლის 29 დეკემბრის №858 ბრძანებულება უქმდება. ამრიგად, ალბანეთის რესპუბლიკაში მოსანახულებლად აუცილებელია ვიზაზე განაცხადი მოგზაურობის მიზნის შესაბამისად“, - წერს საელჩო.
2022 წლის სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. შედეგად გაიზარდა ვიზისთვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი, განაცხადის განხილვის ვადა და სავიზო მოსაკრებელი: 35-დან 80 ევრომდე. მოგვიანებით, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, ფინეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა დახურეს საზღვრები რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებისთვის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამაც გააუქმა უვიზო შესვლა რუსებისთვის, მონტენეგრომ ზაფხულში უვიზოდ ყოფნის ვადა 30 დღემდე შეამცირა, ხოლო ყაზახეთმა 90 დღემდე ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანამ, აშშ-მ და კანადამ დახურეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის. ბევრმა ავიაკომპანიამ, მათ შორის აზიისა და დსთ-ს ქვეყნებიდან, რუსეთში ფრენები შეწყვიტა.