სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ცეცხლის შეწყვეტაზე ოფიციალურ ინფორმაციას ველოდებით, - განაცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ.
- სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი
- საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად
როგორც ავიაკომპანიების დირექტორები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს წარმომადგენლობიდან ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალურ დასტურს ელოდებიან და როგორც კი, სრული გარანტია ექნებათ, თანამშრომლებს საქართველოში დააბრუნებენ.
„ჯერჯერობით ვერც ჩვენ, ვერც პარტნიორები და ვერც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ვახერხებთ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ოთხი დღით გაიხსნას აეროპორტი, თუმცა ეს არ არის დაზუსტებული. ამასთან დაკავშირებით საგარეოსთან, კონსულთან და ჩვენს პარტნიორებთან სუდანში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას არცერთი არ ადასტურებს. ღამემ, შეიძლება, ითქვას, მშვიდობიანად ჩაიარა. შიგადაშიგ კვლავ არის სროლები.
ჩვენი 13 თანამშრომელია აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელში. გუშინ შეივსო მარაგი საკვების და წყლის, ასევე მცირე რაოდენობით საწვავიც მომარაგდა. ველოდებით პოზიტიურ ამბებს, რომ მოვახერხოთ მათი გადმოყვანა საქართველოში. როგორ კი გვეცოდინება, რომ ცა უსაფრთხოა და შესაძლებელია ფრენა, მაქსიმალურად სწრაფად მოხდება თვითმფრინავის შემოწმება, გარე და ტექნიკური დათვალიერება და უკვე მზად ვიქნებით გასაფრენად. ემოციურად რთულია ეს მდგომარეობა, მაგრამ მედგრად დგანან“, – განუცხადა „მაივეი ეარლაინსის“ დირექტორმა, რატი ბაკურაძემ "პირველ არხს".
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.