საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.
- სამწუხაროდ, შეზღუდულები ვართ იმ კონკრეტულ მექანიზმებში, რომლებიც ქმედითად დაგვეხმარება სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაში - დარჩიაშვილი
- საგარეო უწყება: სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად
„გუშინ საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომუნიკაციასა და კოორდინაციაში კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან,“- განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ცნობისთვის, სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ადგილზე ისევ რჩება საქართველოს 40-მდე მოქალაქე.