უკრაინის უზრუნველყოფა თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით, საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„არ არსებობს რაციონალური არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მიიღებს უკრაინა თანამედროვე დასავლური ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს და მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება. უკრაინა არის ევროპის დამცველი. უკრაინის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ამ ათწლეულის საუკეთესო ინვესტიცია იქნება ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე.
მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, შეასრულონ წამყვანი როლი უკრაინის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილების მიღებაში და ამით აჩვენონ თავიანთი სტრატეგიული ლიდერობა.