პუტინის მოსალოდნელი ვიზიტის წინ, სამხრეთ აფრიკას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება სურს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს.

მისივე თანახმად, რამაფოსამ ეს განცხადება ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში მყოფ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიინისტო სამხრეთ აფრიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სამხრეთ აფრიკაში. რამაფოსამ და ნიინისტომ განაცხადეს, რომ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის რამდენიმე საკითხი და მათი თანამშრომლობის გზები განიხილეს, რათა კაცობრიობის წინაშე მდგარ ძირითად საკითხებზე, მათ შორის ომებზე, დაავადებებსა და კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ.


რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა.

BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.

„სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია.

შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. 

ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.