17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.
პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს.
გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა.
ერევანს ოფიციალურად ღიად არ განუცხადებია, რომ მზადაა პუტინის დასაკავებლად, თუმცა 24 მარტს სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება.
ავსტრია, როგორც რომის სტატუტის მხარე, ვალდებულია, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს 24 მარტის საღამოს განუცხადეს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ ICC-მ უკვე დაადგინა 2019 წელს სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საქმეზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც კი არ აქვთ იმუნიტეტი სასამართლოს წინაშე.
„არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში.
ავსტრიამ რომის სტატუტს ხელი 1999 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 16 მარტს განაცხადა, რომ ავსტრია შეუერთდა რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის ძირითად ჯგუფს და მონაწილეთა საერთო რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.