სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ. France24 წერს, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა.
BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი - სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს.
„სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC ორდერის სახით", - განაცხადა პრეზიდენტის კირილ რამაფოსას სპიკერმა, ვინსენტ მაგვენიამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
- ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
- რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.