ყველა, ვინც ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვურჩევ შეხედონ ფინეთის მაგალითს, - ამის შესახებ დმიტრო კულებამ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ყველა, ვინც ამბობს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეუძლებელია, ვურჩევ, შეხედონ ფინეთის მაგალითს. ერთი წლის წინ, წარმოუდგენელი იყო, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ როდესაც არსებობდა პოლიტიკური ნება, ფინეთი NATO-ში მიიღეს. ამიტომ, ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს პოლიტიკური ნება, მაგრამ ახლა მინდა ვთქვა, როგორც ფაქტი, რომ პოლიტიკური ნება ალიანსში საკმარისად არ არის“, – განაცხადა კულებამ.
ფინეთი NATO-ს 31-ე წევრი 4 აპრილს გახდა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს.
მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.