24 აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.
ევროკავშირის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ 12 პრიორიტეტის შესრულების კვალდაკვალ განიხილებოდა ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის სპიკერი პიტერ სტანო Europetime-თან ამბობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების გაძლიერების აუცილებლობასაც. ამ კონტექსტში კი ქვეყანას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. სტანოს განმარტებით, პრიორიტეტების შესრულების პროცესში საქართველომ პოზიტიური სიგნალები უნდა გაუგზავნოს ბრიუსელსა და წევრ ქვეყნებს, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი იქნება.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, როდესაც მინისტრ დარჩიაშვილს შეხვდა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, „რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი“.
„მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.
IRI-ის კვლევების თანახმად, ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდილია. კერძოდ, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% „სრულად“ (75%) ან „ნაწილობრივ“ (14%) უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც კვლევის ისტორიაში უმღლესი მაჩვენებელია.
Europetime-თან ინტერვიუში, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეალური პროგრესი ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება.
„რეალური პროგრესი ჩანს ამ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ ბევრი შენიშვნა აქვს და მთავრობაშიც ბევრი ევროსკეპტიკური განცხადება კეთდება“. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო აქციებმა გაზარდა ხალხის ინტერესი და ადამიანები უფრო დაკვირვებულნი და ფრთხილნი გახდნენ - გააცნობიერეს საფრთხეები და საბოლოო ჯამში, ბევრმა სწორედ მაშინ გააკეთა არჩევანი. ბევრი არ იყო მაინცდამაინც პროევროპული და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. ისეთები, რომლებიც ბალანსირებენ და უყურებენ, რას იტყვის ხელისუფლება და მთავრობა. მათ შორისაც გაჩნდა განწყობები, რომ ევროპა საჭიროა და ჩვენ აქეთეკენ უნდა ვიაროთ“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი გამოწვევას ხედავს 12 პრიორიტეტის შესრულების ეტაპზე, თუმცა ელჩს მიაჩნია, რომ ეს დაძლევადია.
„მე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჩემს გუნდთან ერთად, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ვურჩიოთ, ჩამოვიყვანოთ ექსპერტები იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიღწიოს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნება ყველა პოლიტიკური ძალის მიერ და 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართავენ შეხვედრას და გადაწყვეტენ ერთხმად. რას ნიშნავს ერთხმად გადაწყვეტა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უნდა დაეთანხმოს. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, მაგრამ შესრულებადი და ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მიღწეულია საკმარისი პროგრესი 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, - ამბობს ელჩი ჰერჩინსკი.
ოპტიმიზმს ინარჩუნებს სტრატეგიული პარტნიორი.
„აშშ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია და გარწმუნებთ, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენ 100%-ით ვიზეიმებთ ქართველ ხალხთნ ერთად“, - ამბობს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.
კელი დეგნანის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის ქვეყნებმა დაინახონ საქართველოს ერთგულება დემოკრატიის მიმართ.
შეგახსენებთ, 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.