Washington Post: ევროპის ქვეყნები და ბაქო შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის გაზის სისტემის ეროვნული ოპერატორები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან, მათი ქვეყნების არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, რომლებიც ბოლო დრომდე დიდად იყვნენ დამოკიდებულნი რუსულ ენერგეტიკაზე, იუწყება The Washington Post-ი.

მისივე თანახმად, ბულგარეთი დაკავშირებულია სამხრეთ გაზის დერეფანთან, მრავალსეგმენტიანი მილსადენის პროექტთან, რომელიც საბერძნეთთან დამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.

კონექტორი ბულგარეთში ერთი მილიარდი კუბური მეტრი კასპიის გაზის მიწოდების საშუალებას იძლევა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნილების თითქმის მესამედს ფარავს და ყოველწლიურად, მოცულობის 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვს.


აზერბაიჯანი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 25 აპრილს ბულგარეთში განაცხადა.

„2021 წელს ჩვენ ევროპას მივაწოდეთ 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წელს კი ჩვენი სამიზნე 12 კუბური მეტრია. დღეს აზერბაიჯანული გაზი ექსპორტზე გადის საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, იტალიაში და ამ წლიდან უკვე რუმინეთში. მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ყველა საჭირო ინტერკონექტორის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ჩვენ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ალიევმა.

„მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი ევროპული ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს. ივლისში ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, 2027 წლისთვის აზერბაიჯანული გაზის იმპორტის მოცულობა გაორმაგდება და წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - წერს The Washington Post.