იმიგრანტების რიცხოვნობის ზრდის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 736.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტია.

„2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 60.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.7 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 63.8 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.6 პროცენტს. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 793.8 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 942.5 ათასი.

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 35 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. წინა წელთან შედარებით, 2022 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2.3 ერთეულით გაიზარდა და 73.7 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.4 წელი, ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელი. 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 38 წელს.

2022 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 125 269 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 304 მოქალაქე იმიგრირდა - ჯამში იმიგრანტთა რიცხვი 142.9%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს, იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9%-ით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. იმიგრანტების 84.3% და ემიგრანტების 86.7%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

„იმიგრანტების რიცხოვნობა 142.9 პროცენტით გაიზარდა და 179 778 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 84.3 პროცენტი და ემიგრანტების 86.7 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ. 2022 წელს, იმიგრანტების 30.3 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 80.5 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ”, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შედეგად, სხვაობამ ემიგრანტებსა და იმიგრანტებს შორის 54,509 შეადგინა.

ინფორმაციისთვის, იმიგრანტად ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე შემოსვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).